როგორ დაკარგა ეთერ ლამორისმა შვედეთის პრინცესას ჯილდო

ქართველი სოპრანო ეთერ ლამორისი-ჭყონია შვედეთის პატრიოტულმა სამეფო საზოგადოებამ ჩვენი დროის საუკეთესო მომღერლად აღიარა. ცერემონია 10 მარტს გაიმართა. რამდენიმე დღის წინ ქალბატონ ეთერს ინტერნეტით დავუკავშირდით. მან ამ სასიხარულო სიახლის შესახებ გვიამბო და სხვა შეკითხვებზეც გვიპასუხა…

ქალბატონო ეთერ, თუ არ ვცდები, პირველი ქართველი შემსრულებელი ხართ, ვისაც შვედეთის პატრიოტულმა სამეფო საზოგადოებამ ჩვენი დროის უდიდესი მომღერლის წოდება მოგანიჭათ
– უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მსოფლიოში პირველი უცხოელი მომღერალი ვარ, რომელსაც შვედეთის ამ საზოგადოებამ ასეთი ჯილდო მიანიჭა. თქვენმა შეკითხვამ გამახსენა, რომ თავის დროზე დომინგოს მსოფლიო კონკურს ოპერალიაზე მსოფლიო საუკეთესო ხმების ათეულში შემიყვანეს. ოფიციალური გადარჩევის ტურები გაიმართა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში 10 ათასობით მომღერლის მონაწილეობით და მაშინაც, ესპანეთიდან მეორე ტურზე მხოლოდ მე გამიშვეს. ამ ფაქტმა ესპანურ საზოგადოებაში დიდი ბჭობა გამოიწვია და პრესაში დაიწერა: «ვერც ერთი ესპანელი ვერ გადის ოპერალიის მსოფლიო კონკურსზე და გადის ესპანეთში მცხოვრები ქართველი!» ასეთ პატრიოტულ ქვეყანაში ვერ აიტანეს სხვა, თანაც პატარა ქვეყნის შვილის წარმატება. შემდეგ ვენაში მეორე ტურის გადარჩევებს გავუძელი და ათეულში მოვხვდი. იქ ინტერნაციონალური გადარჩევა შედგა. დომინგოს «ფავორიტობა» მაინც მომაკერეს და ასეთი ინფორმაციის გავრცელებაში მეტწილად მომღერლები აქტიურობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე რვაგზის ლაურეატი ვიყავი. მაშინ დომინგო ნაკლებად მიცნობდა და ისიც კი არ იცოდა, რომ მის კონკურსში ვმონაწილეობდი. იცით რატომ? რომ ვერ გამემარჯვა, არ ეფიქრა, რომ სუსტი მომღერალი ვარ. კონკურსზე წარუმატებლობა მომღერლისთვის ყოველთვის სარისკოა. დარწმუნებული ვარ, რაღაც მითქმა-მოთქმა შვედეთის ჯილდოსაც მოჰყვება და ეს ისევ მომღერლების ეჭვიანობის მიზეზით. საერთოდ, მინდა განვუმარტო მათ, ვინც არ იცის, რომ ხელოვნება სპორტი არ არის და ჯილდოები, წოდებები, გამარჯვებები – ყოველთვის სიმბოლურია. გარდა ამისა, იდეალური მომღერალი პრაქტიკულად არ არსებობს, მარია კალასსაც კი აკრიტიკებდნენ. გემოვნება მრავალფეროვანია და სანამ არსებობს გამოთქმა «მე ის არ მომწონს და ეს მომწონს», მანამდე ამ დარგში სრული ობიექტურობა ვერ იქნება. შვედეთის ჯილდო ჩემთვის მხოლოდ დიდი პატივია, მომღერლის კიდევ ერთხელ აღიარება და მაღალი შეფასებაა.

რამდენი კანდიდატიდან შეაჩერეს თქვენზე არჩევანი?
– როგორც მითხრეს, საერთაშორისო მასშტაბით 175 ცნობილ მომღერალს შორის შემარჩიეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სამეფო საზოგადოება კლასიკურ კონცერტებსა და სპექტაკლებს თითქმის არ აცდენს, სტოკჰოლმში კი ბევრი მსოფლიო მომღერალი ჩამოდის. საზოგადოებამ წარმოდგენებზე გამიცნო. სტოკჰოლმში ორჯერ მქონდა ნამღერი.

პრიზი შვედეთის პრინცესა ქრი­სტინა მაგნუსონმა პირადად გადმოგცათ. მას ადრეც შეხვედრიხართ?
– არა, ის ჯილდოს გადაცემის დროს გავიცანი. სხვათა შორის, როგორც ჩემმა მშობლებმა მითხრეს, თბილისში უკვე ლაპარაკობენ, რომ ამ ჯილდოსთან ერთად 150 ათასი დოლარი ავიღე. ამაზე ბევრი ვიცინე. დაჯილდოება, კონცერტი და მეჯლისი მართლაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. იქ ყველაფერი ძვირფასი იყო – განსაკუთრებით მეფის სასახლე მაგრამ პირადად მე მხოლოდ ძვირად ღირებული ჯილდო გადმომცეს. ის ოქროსია და ბრილიანტებითაა გაწყობილი, დაახლოებით 10 ათასი დოლარი ეღირება.

სად ინახება ოქროს მედალი წარწერით – «ჩვენი დროის უდიდეს მომღერალ ეთერ ლამორისს«?
– მედალი ამჟამად ჩემი მეუღლის ოფისში ინახება. არ დაიჯერებთ, მაგრამ ჯილდო კინაღამ დავკარგე. ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტები მესაუბრებოდნენ. ჩემს ნივთებს, მათ შორის საკონცერტო კაბას, კამერების წინ ხელში ვერ დავიჭერდი და ამიტომ ისინი იქვე, გვერდით სკამზე დავაწყვე. საუბარი რომ დავასრულე და ჩემი ნივთების ასაღებად მივბრუნდი, ჯილდო აღარ დამხვდა. კინაღამ გული გამისკდა და მთელი სასახლის კუთხე-კუნჭული შევამოწმე. ჯილდო ვეღარსად ვნახე, ძალიან მეწყინა და სასახლის მცველებს ვუსაყვედურე, არ მეგონა, ნივთები მეფის სასახლეშიც თუ იკარგებოდა-მეთქი. ხასიათი ისე გამიფუჭდა, რომ მეჯლისზე წასვლაც აღარ მინდოდა. საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ ცნობილ არქიტექტორს, რომელიც იმ დღეს ჩემთან ერთად დააჯილდოვეს, ჯილდო თავისი ეგონა და მეჯლისზე თან წაუყოლებია.

კიდევ რა ჯილდოები გაიცა და ვინ არიან მათი მფლობელები?
– ცნობილი შვედი არქიტექტორი და შვედი მომღერალი-ბარიტონი. საერთოდ, ეს მათი ნაციონალური ღირსების ჯილდოებია, რომელიც უცხოელებზე გამონაკლისის სახით გაიცემა.

შვედეთის სამეფო სასახლის სატახტო დარბაზში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე თქვენ იმ­ღერეთ და ამის შემდეგ გაიმართა მეჯლისი. თუ შეიძლება, მეჯლისის შესახებ უფრო დაწვრილებით გვიამბეთ. როგორია დრესკოდი, წესჩვეუ­ლებები?..
– ამ შემთხვევაში მეჯლისის წესები ძალიან მკაცრი იყო. მამაკაცები ფრაკებში უნდა ყოფილიყვნენ, მანდილოსნები კი საღამოს გრძელ კაბებში. ვინც უნდა მოსულიყო მოკლე ბოლოკაბით, მეჯლისზე ვერ მოხვდებოდა. ყველაფერი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, ისე, როგორც XVIII-XIX საუკუნეში. მე, როგორც დაჯილდოებული, უამრავი სავახშმო მაგიდა იყო და, პრინცესას გვერდით მოვხვდი. დარბაზში ათი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის რუსეთიდანაც. ბევრი ველაპარაკე პრინცესას საქართველოზე და განსაკუთრებით ჩვენს პატრიარქზე. დაუღალავად მოვუყევი, თუ რა არაჩვეულებრივ საგალობლებს წერს ჩვენი უწმინდესი. ეს საგალობლები პირველად რომ აღმოჩნდა ჩემს ხელში, ღამის განმავლობაში რამდენჯერმე მოვუსმინე. ყურებს ვერ ვუჯერებდი და ვფიქრობ, რომ პატრიარქის საგალობლებს მთელი მსოფლიო უნდა იცნობდეს. ის ნამდვილად მაღალი დონის მუსიკას წერს. სუფრაზე მყოფნი ამ ფაქტით ძალიან დაინტერესდნენ. შინ დაბრუნებისას პირველი რაც გავაკეთე, მათ ეს საგალობლები გადავუგზავნე. მე ჩემი მხრიდან ყველანაირად ვეცდები, რომ მომავალში პატრიარქის შექმნილი მუსიკა მსოფლიო საეკლესიო ნაწარმოებებში შევიდეს და მსოფლიო მუსიკოსებმა ხშირად შეასრულონ.

ქალბატონო ეთერ, ბოლო რამდენიმე წელია პროდიუსერის საქმიანობას ეწევით. რა ღონისძიებაზე იმუშავეთ ბოლოს და უახლოეს მომავალში რას გეგმავთ?
– ბოლო ღონისძიება «ესპანური ღამეები» კიევში ჩავატარე. ერთ-ერთი ჩემი ყველაზე კრეატიული გალაკონცერტი გამომივიდა. ესპანეთის საელჩომ უკრაინაში შემიკვეთა რამდენიმე ესპანური მუსიკისა და სიმღერის კონცერტის გამართვა სიმფონიური ორკესტრის თანხლებით და ესპანელი ვარსკვლავების მონაწილეობით. მასში, როგორც ესპანეთის მოქალაქემ, მეც მივიღე მონაწილეობა. სოპრანო სოლისტი ვიყავი. ამ ფორმატის გალაკონცერტების ჩატარებას მთელ უკრაინაში ტურნეს სახით ვაპირებ. შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც გადავინაცვლოთ. მაგალითად ესპანეთში, ავსტრიაში, პორტუგალიაში, ოღონდ მეშინია, რომ ყველაფერზე დრო არ მეყოფა. შვედეთის სამეფო ორკესტრთან ერთად ვაპირებ ახალი პროექტების განხორციელებას. ვმუშაობ ანდრეა ბოჩელის გალა-კონცერტზე. იმას ვერ გაგიმხელთ, სად ვაპირებ მის ჩაყვანას. რაღაც უცნაური ბედი მაქვს – როგორც კი კონკრეტულად განვაცხადებ ჩემი სამომავლო გეგმების შესახებ, ის სასწრაფოდ სხვამ უნდა განახორციელოს, ამიტომ ზუსტ დეტალებზე მხოლოდ პროექტის დასრულების შემდეგ ვილაპარაკებ (იღიმის).

საერთოდ, მე ესპანური კომპანია «ინკოცენტრის» წარმომადგენელი ვარ პოსტსაბჭოთა სივრცეში და ძირითადად ვმუშაობ პროექტზე «დასავლეთის ვარსკვლავები აღმოსავლეთ ევროპაში». ეს ამოუწურავი წყაროა და თუ სურვილი მექნება, მუდმივ პროექტადაც შემიძლია ვაქციო. ხშირად მე თვითონაც ვმონაწილეობ ამ პროექტებში როგორც მომღერალი. სანამ ხმა მაქვს, ალბათ ასე მოვიქცევი. პარალელურად საკონცერტო მიწვევებსაც ვიღებ. ბოლო კონცერტები ესპანეთსა და გერმანიაში მქონდა. არაერთგზის მითქვამს და ვიმეორებ, რომ მე მხოლოდ საოპერო კარიერა შევაჩერე, რადგან ის დიდ დროს მოითხოვს. მიზანსცენების რეპეტიციებს არაერთი დღე მიჰქონდა და ამდენი ხნით ჩემს შვილს ვეღარ დავაკლდებოდი.

ამ ეტაპზე რას ეთმობა თქვენი ყველაზე დიდი დრო?
– ცოტ-ცოტა ყველაფერს. დაახლოებით 50% ოჯახს მიაქვს და 50% – საქმეს. ჩემი ბიჭის დაბადებამდე ალბათ ყურადღების 80% საქმეზე მიდიოდა და დანარჩენი ოჯახზე. თქვენ წარმოიდგინეთ, ის 20%-ც კი უშლიდა ხელს კარიერის აქტიურად განხორციელებას. მიუხედავად იმისა, ბევრი მეუბნება, რომ ბედნიერი ვარ და წარმატებული კარიერა მაქვს, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტს მივაღწევდი, სხვა პირობები რომ მქონოდა. ოჯახზე როცა ვლაპარაკობ, მასში შედის ჩემს მშობლებზე, შვილებსა და მეუღლეზე ზრუნვა. უცხო ქვეყანაში, ანუ ესპანეთში, სხვადასხვა მიზეზის გამო, ისინი ჩემზე ბევრად უცხოდ გრძნობდნენ თავს. ვფიქრობ, მათთვის ჩემი თანადგომა აუცილებელი იყო. ახლაც არ არის გვიან, ძალიან რომ მომინდეს, მეუღლეს, შვილებს უყურადღებოდ დავტოვებ და საოპერო გასტროლებს გავაგრძელებ, თვეობით სხვა ქვეყნებში ვიქნები, მაგრამ ჩემს ცხოვრებას ამით ახალი არაფერი შეემატება, ჩემს შემოქმედებას მხოლოდ რაოდენობა მოემატება, მაგრამ არა ხარისხი. ჩემი დაკვირვებით კი რაოდენობა ხარისხს აქვეითებს და ენთუზიაზმს აქრობს. ხელოვნება და ბიზნესი – ორი სხვადასხვა რამაა. ის, რომ შენ ან შენი აგენტი კარგი ბიზნესმენები ხართ, საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ შენი ხელოვნების დონე მაღალია. გასაგებია, რომ ცუდ მომღერლებს არსად მიიღებენ, მაგრამ საშუალო მომღერალსა და ძალიან კარგ მომღერალს შორისაც დიდი განსხვავებაა. ამ დასკვნამდე მაშინ მივედი, როდესაც ვნახე, რამდენი საშუალო და არასაინტერესო მომღერალი მღეროდა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში. თუმცა ჩემი ცხოვრების ფორმის შეცვლას სხვა, უფრო «მძაფრი» მიზეზი აქვს – ჩემი შვილები. ალექსის დაბადებამ მთლიანად გადამიტრიალა ცხოვრების პრინციპები. ყინულის გული არასოდეს მქონია, მაგრამ გახსოვთ ანდერსენის ზღაპარი «თოვლის დედოფალზე»? უკარება ძმას გერდას ცრემლების წყალობით გულიდან ყინული ამოუვარდა და ისიც ატირდა. მეც იგივე დამემართა სამშობიაროში, ჩემი ბიჭი რომ მომიყვანეს. ერთი კვირა ვტიროდი და ძლივს დავწყნარდი. თითქოს იმ წუთამდე სიზმარში ვცხოვრობდი და ნამდვილი ცხოვრება ბავშვის დაბადების შემდეგ დამეწყო…

უნდა გითხრათ, რომ შორიდან ყველა მსახიობის ცხოვრება ლამაზად ჩანს. ყველა გირჩევს, ცხოვრებას «ადვილად მოეკიდო», მაგრამ იმ მეტიჩრული ბედნიერების უკან რა დგას და რას მოიტანს ბავშვის ძიძისთვის, უცხო ადამიანისთვის დატოვება, ამაზე აღარავინ ფიქრობს. რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა, ახლა მიგახვედრებთ: სახელი ბიორო რამეს გეუბნებათ? ინტერნეტშიც ვერ იპოვით. ის კარგი სოპრანო იყო, რომელიც სულ თავისი კარიერის მოწყობით იყო დაკავებული. ჩემი და ნატო მას კარგად იცნობდა. ავსტრიაში მისი ერთადერთი 16 წლის შვილი ნარკომანიით დაავადდა. მოზარდი დედას ფულს სთხოვდა და თუ ვერ იღებდა, მშობელს სცემდა. ერთხელაც დედამისი აბაზანაში მკვდარი იპოვეს. იქვე წერილი დაუტოვებია. შვილზე წერდა, იქნებ ჩემმა სიკვდილმა მაინც გამოაღვიძოსო. ვერ წარმოიდგენთ, ეს ამბავი რომ გაიგო, რა იყო მისი შვილის პირველი სიტყვები, ნეტავ, სანამ თავს მოიკლავდა, მანქანის გასაღები სად დადოო. ამ ტრაგედიამ ჩემზე ძალიან იმოქმედა და ხანგრძლივი კვალი დატოვა. ერთხელ ბრედ პიტმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან ემოციურად თქვა, ჯილდოები და ახალი როლები მხოლოდ სამ-ოთხ წელს გახსოვს. ერთადერთი და მუდმივი მხოლოდ შვილები არიან, ამიტომ ჩემი ყველაზე კარგი როლი მამის როლიაო. აბსოლუტურად ვეთანხმები, მშობლის როლი შეუფასებელია.

ქალატონო ეთერ, რომელ ქვე­ყანაში იმყოფებით ყველაზე ხშირ­ად?
– მადრიდსა და კიევში. მადრიდში ჩემი უფროსი შვილი – ქალიშვილი იმყოფება, ხოლო კიევში პატარა ალექსi

როგორ ფიქრობთ, ცხოვრებაში სწორი არჩევანი გააკეთეთ?
– არჩევანი რომ მქონდეს, ჩემს ცხოვრებაში ბევრ რამეს შევცვლიდი. ოთხი შვილი მაინც მეყოლებოდა და თავიდანვე საკონცერტო მოღვაწეობას ავირჩევდი. საკონცერტო სფეროში ბევრი დიდი ხელოვანია. ეს ხალხი სულ სხვა სულიერ სიმაღლეზე დგას, ისინი სულიერებით მხოლოდ მარია კალასს შეიძლება შეადარო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო კამერულ მუსიკას ვიმღერებდი. საოპერო მუსიკას საკონცერტო ვერსიით დიდ დარბაზებშიც ასრულებენ. ასე რომ, ჩემს ცხოვრებაში ეს ძირითადი შეცდომებია.

ჟურნალი «რეიტინგი»
(გამოდის ორშაბათობით)